ინფორმაცია
რისკების მართვისა და საერთაშორისო სანქციების მონიტორინგის სახელმძღვანელო.
რა რისკებს შეიცავს სანქცირებულ ან საეჭვო გემებზე მუშაობა?
თუ გთავაზობენ სამუშაოს გემზე, რომელიც სანქცირებულია ან ინფორმაცია მის შესახებ შეიცავს სარისკო ცნობებს, საჭიროა კარგად გაიაზრო რა ზიანის მოტანა შეუძლია ამას. ასეთ გემზე კონტრაქტის გაფორმებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს არა მხოლოდ შენი ფინანსური ინტერესები, არამედ შენი უსაფრთხოება, თავისუფლება და მთელი პროფესიული მომავალიც.
შეიძლება ომში აღმოჩნდე
შავ ზღვაში სატვირთო გემები რეალურად ხდება დრონული და სარაკეტო შეტევის სამიზნე — მხოლოდ 14 ივლისს ერთმა დარტყმამ 5 მეზღვაური იმსხვერპლა და 12 დააშავა. ეს არ არის შორეული საფრთხე, არამედ განმეორებადი რეალობა. სანამ კონტრაქტს მოაწერ ხელს, გადაამოწმე გემის მარშრუტი, დროშა და უსაფრთხოების პირობები.
შეიძლება უხელფასოდ დარჩე
სანქცირებულ კომპანიებს ხშირად ეზღუდებათ წვდომა საერთაშორისო საბანკო სისტემებზე. ეს ნიშნავს, რომ შენი ხელფასის გადარიცხვა შესაძლოა დაგვიანდეს ან საერთოდ ვერ მოხერხდეს. კომპენსაციის მოთხოვნასაც პრაქტიკულად აზრი არ აქვს, რადგან კომპანიას ან საერთოდ არ აქვს ფული, ან ვერ გადმორიცხავს მას საერთაშორისო სანქციების გამო.
გემი შესაძლოა იყოს გაუმართავი
სანქცირებული გემები ხშირად წლების განმავლობაში სათანადოდ არ მოწმდება და მათი ტექნიკური მდგომარეობა კრიტიკულია. ეს საფრთხეს უქმნის შენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შენს ჯანმრთელობაზე არავინ იზრუნებს
სანქცირებულ გემებზე ხშირად საერთოდ არ არსებობს მოქმედი დაზღვევა. ეს ნიშნავს, რომ თუ დაშავდი, ავად გახდი ან უბედურება შეგემთხვა, სრულიად მარტო რჩები. არავინ იძლევა გარანტიას სამედიცინო დახმარებაზე, ევაკუაციაზე ან რაიმე სახის კომპენსაციაზე.
შეიძლება ეკიპაჟთან ერთად მიგატოვონ
სანქცირებულმა გემმა შესაძლოა მთელი ეკიპაჟი უცხო ქვეყნის პორტში მიატოვოს. შენ და შენი კოლეგები შესაძლოა აღმოჩნდეთ საკვების, სასმელი წყლის, საწვავისა და სახლში დაბრუნების საშუალების გარეშე, ზოგჯერ თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაშიც კი. ასეთ სიტუაციაში დახმარების მიღება ძალიან რთულია, განსაკუთრებით თუ არ იცი, ვის მიმართო.
გემი შეიძლება დააკავონ ან დააყადაღონ
პორტის სახელმწიფო კონტროლის სამსახურმა შესაძლოა გემი დააკავოს ან დააყადაღოს, რის შედეგადაც შესაძლოა შენ, როგორც ეკიპაჟის წევრი, ხანგრძლივი დროით გემზე „გამომწყვდეული“ აღმოჩნდე და იმის გარკვევაც რთულია თუ როდის შეძლებ სახლში დაბრუნებას.
შეიძლება მოხვდე საერთაშორისო „შავ სიაში“
სანქციების დარღვევა შესაძლოა შენც შეგეხოს, თუნდაც უბრალო ეკიპაჟის წევრი იყო და პირდაპირ არაფერი გქონდეს საერთო კომპანიის მენეჯმენტთან თუ მისი გადაწყვეტილებებთან. შენი სახელი შესაძლოა მოხვდეს საერთაშორისო ან ეროვნულ „შავ სიებში“, რაც შემდგომში პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის კონკრეტულ ქვეყნებში მოგზაურობას ან იქ პორტში შესვლას. ეს პრობლემა შესაძლოა წლების განმავლობაში გდევდეს თან, თუნდაც შემდეგ სულ სხვა, სრულიად კანონიერ გემზე იმუშაო.
შენს კარიერას საფრთხე დაემუქრება
სანქცირებულ გემზე მუშაობის ფაქტმა შესაძლოა მომავალში დასაქმებაზეც იმოქმედოს. მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები ხშირად უარს ამბობენ ისეთი მეზღვაურების აყვანაზე, რომელთა სამსახურებრივ ჩანაწერში ამგვარი გამოცდილება ფიგურირებს, მაშინაც კი, თუ პირადად შენ არაფერში ხარ დამნაშავე.
გაითვალისწინე: ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებლად გადაამოწმე გემის სახელი, დროშა, რეალური მფლობელი და სადაზღვევო სტატუსი. თუ რაიმეში ეჭვი გეპარება, არ იჩქარო ხელმოწერა. გადაამოწმე ყველა დეტალი თავად და გაიარე იურიდიული კონსულტაცია, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ. ამ ნაბიჯმა, შესაძლოა მომავალში დიდ პრობლემებს გადაგარჩინოს.
რას უნდა მიაქციო ყურადღება
რისკების სისტემა
შეამოწმე გემი და გაიგე რა რისკის შემცველია მასზე მუშაობა.
პლატფორმა აერთიანებს ინფორმაციას და გემს რისკის სტატუსს ანიჭებს. არსებობს რისკების სამი დონე
სანქციები
მოცემული სია მოიცავს გემებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ ან დაკავშირებულნი არიან სანქცირებულ პირებთან.
სანქცირებულ გემებთან ნებისმიერი სახის კომერციული თუ საოპერაციო კავშირი შეიძლება შეიცავდეს სამართლებრივ რისკებს.
ყურადღება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა ხელმისაწვდომ საჯარო წყაროებს და საჭიროებს გადამოწმებას.
